ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმები

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის ჩატარების დრო:   26.04.2013 წ.
სკოლა – ტიბაანის საჯარო სკოლა
სწავლების საფეხური : VIII კლასი
მასწავლებელთა სახელები: ქართულის მასწავლებელი ელენე ნაცვლიშვილი, ბიოლოგიის – ასმათ შუბითიძე.
ინტეგრირებული საგნების დასახელება: ქართული ლიტერატურა და ბიოლოგია.
გამოსაკითხი მასალა: ვაჟა – ფშაველას „ამოდის ნათდება“
ასახსნელი გაკვეთილის თემა: მგელი მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურაში.
მეტყველების სტილი მხატვრული და სამეცნიერო
ქართული ლიტერატურა:
მიზნები და ამოცანები:                1) გაიაზრებენ ვაჟა ფშაველას მოთხრობის („ამოდის,
ნათდება“)  გარდა ქართულ და უცხოურ ნაწარმოებებს,
წარმოადგენენ მგელს, როგორც ქართული ნაწარმოების
პერსონაჟს, 2) შეძლებენ მისი მტაცებლური და ერთგვარად
„ადამიანური“ ბუნების ჩვენებას, რა ძალა უპირისპირდება
მგელს და როგორია ამი შედეგი, როგორ, რა მხატვრული
საშუალებებით შეძლეს მწერლებმა მგლების თვისებების
ჩვენება, 3) შეძლებენ მსჯელობიდან ადეკვატური დასკვნების
გამოტანას, სხვადასხვა თვალსაზრისთა შეჯერებას
4) მოცემული ტექსტების მიზნის გამოკვეთას. მკითხველის
ინფორმირებაა მათში მოცემული თუ ემოციის აღძვრა, ამის
მიხედვით, მეტყველების გამოყენებული სტილის განსაზღვრა.
ბიოლოგია:                          1) მოსწავლეები გაეცნობიან ინფორმაციას მგელზე, კერძოდ:
მათი ცხოვრების წესს, მათ თვისებებს, როგორ მონიშნავენ
თავიანთ ტერიტორიას, როდის აღმოჩნდება მგელი სხვა
მგლების მსხვერპლი, რით იკვებება, მსოფლიოს რომელ
ადგილებშია გავრცელებული, გაიგებენ მგლების ძიძაობაზე.
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა:   მოსწავლეები დაინახავენ საგანთა შორის
კავშირს, რაც დაეხმარება მათ მეტყველების ორი სტილის მხატვრული და სამეცნიერო – გარჩევაში. შეძლებენ ფაქტობრივი მასალის და საკუთარი თვალსაზრისის გამოხატვას, განუვითარდებათ ანალიტიკური და კრიტიკული  აზროვნების უნარი.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები და ინდიკატორები
ქართული
VIII.1.  მოსწავლე ისმენს მსჯელობას კონკრეტულ საკითხებზე და წარმოადგენს საკუთარ თვალსაზრისს აუდიტორიის წინაშე.
VIII.3. მოსწავლე ამოიცნობს და იყენებს მსჯელობის ძირითად ენობრივ მახასიათებლებს.
VIII5. მოსწავლე კითხულობს ტექსტებს (მხატვრულს და არამხატვრულს), რომლებიც შეიცავენ გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხებზე და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულის მიმართ.
VIII.8.  მოსწავლე იყენებს ენობრივი მახასიათებლების ცოდნას ტექსტების სტრუქტურის ასახსნელად.
ბიოლოგია
VIII.2. მოსწავლე იკვლევს ორგანიზმების განვითარების თავისებურებებს.
VIII.3.მოსწავლე აღწერს ეკოსისტემებში ენერგიის გადაცემასა და ნივთიერებათა მიმოქცევას.
VIII.4. მოსწავლე ორგანიზმების მრავალფეროვნებას უკავშირებს ევოლუციის პროცესს.
სასწავლო რესურსები: VIII  კლასის ქართული ენა–ლიტერატურის სახელმძღვანელო, ნუგზარ შატაიძე: „ბებერი მგელი“,  რევაზ ინაშვილი:  „მგლის მოკვლა“,  რადიარდ კიპლინგი:  „მაუგლი“ ,  ე. სეტორ – ტომპსონი: „ლობო“,  არნოლდ გეგეჭკორი:  „დედაბუნება“,  იასონ  ბადრიძე:  „იცნობდეთ, მგელი“,  დაფა, ცარცი, სამუშაო ფურცლები.
საკლასო მენეჯმენტი/გაკვეთილის თანამიმდევრობა
აქტივობები: 1) დავაზუსტებ  მოსწავლეთა რაოდენობას და მოვახდენ გამოწვევას: ხუთივე ჯგუფს შერჩეული  აქვს თითო ნაწარმოები ქართული და უცხოური ლიტერატურიდან, უნდა შეძლონ წარმოადგინონ  მგელი, როგორც მხ. ნაწარმოების პერსონაჟი და სამეცნიერო მასალის გაცნობის შემდეგ ერთმანეთისაგან განასხვავოთ რომელ სტილს განეკუთვნება თითოეული მათგანი. (2წთ).
               2) ჯგუფის ლიდერები გააკეთებენ მოკლე მიმოხილვას მათი ჯგუფის მიერ შერჩეული ნაწარმოებებისა და ჯგუფის წევრების ჩათვლით წაიკითხავენ ციტატებს. (8წთ).
               3) ამის შემდეგ ჯგუფებს გადაეცემა სამუშაო ფურცლები 5–5 კითხვით. პასუხების მოფიქრებისა და პრეზენტაციისთვის – (5წთ).
               4) ვიწყებთ ნაწარმოებების მხატვრულ მხარეზე მუშაობას. ჯგუფები საშინაო დავალებად მიცემულ  მხატვრულ ხერხებს შეაჯერებენ თითოეული ჯგუფის ფარგლებში და მოხდება წაკითხვა. მე შევაფასებ. (3 წთ)
               5) აქტივობა ურთიერთშეფასებისთვის: თითოეული ჯგუფი რიგით მომდევნოს გადასცემს 3–3 კითხვას მათი ნაწარმოებებიდან და პასუხების მოსმენის შემდეგ შეაფასებს (5წთ).
               6) ვიყენებთ დამატებით აქტივობას „ხუთი თითი“. თითოეული მოსწავლე თავის ჯგუფს წარუდგენს 5 ეპითეტს მგლის მხ. სახის, ბუნების წარმოსაჩენად, ჯგუფები ერთმანეთში შეჯერდებიან და დაფაზე ხუთივე თითში ჯგუფის წარმომადგენელი თავისი ჯგუფისთვის განკუთვნილ თითში ჩაწერს ამ ეპითეტებს. ვაძლევ დამატებით კითხვებს, თუ ბავშვებს მნიშვნელოვანი თვისების დანახვა გაუჭირდათ და ვაფასებ. (2წთ).
               გაკვეთილის მსვლელობისას ვაკვირდები ბავშვების მეტყველებას და ვუსწორებ შეცდომებს.
               7) ბიოლოგიის მასწავლებელი მოსწავლეებს იწვევს იმ ფაქტების გახსენებით, რომლებიც მათ ნაწარმოებებში, უფრო მეტად კი ვაჟა–ფშაველას მოთხრობაში ნახეს, კერძოდ, რატომ შეჭამეს ახალგაზრდა მგლებმა მოხუცი ტოტია.
               ამ ფაქტზე დაყრდნობით მასწავლებელი გადასცემს მთავარ ინფორმაციას მგლების ცხოვრების წესზე, აჩვენებთ ფოტომასალას არნოლდ გეგეჭკორის წიგნიდან „დედაბუნება“. გაიხსენა ბავშვებისთვის საყვარელი „მაუგლი“ (10წთ).
               8) ვახდენ რეფლექსიას მეტყველების სტილზე. კითხვებზე პასუხით ბავშვები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ გაკვეთილზე მეტყველების სტილთაგან გამოიყენეს  2: მხარვრული და სამეცნიერო, რომ არსებობს საგნებისადმი რამდენიმე შესაძლო მიდგომა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში 2 შეხვდათ, რომ მხატვრულ ნაწარმოებებში დაინახეს ადამიანთა დამოკიდებულებების წარმოდგენა მხატვრული გამოსახვის ხერხების სასუალებით, ხოლო სამეცნიერო ნაწარმოების, ინფორმაციის საშუალებით საგნის ან მოვლენის შესწავლა ხდება. (2წთ).
               9) შეჯამებისთვის:  VIII კლასის მოსწავლეებმა – ხატია  პაპუაშვილმა, თამარ გურაშვილმა, მარიამ სომხიშვილმა, გვანცა ბასილაშვილმა, ხვთისო ალავერდაშვილმა, ზვიად გოგოხიამ, მანანა ბიკაშვილმა უნდა  ისაუბრენ  მგლების ბოროტ, სასტიკ ხასიათზე, თინიკო კონცელიძემ გაიხსენოს, როგორ დაესხა გასულ წელს მგელი მათ კლასელ ზურაბ ხატიაშვილს, დააზუსტებენ (მხ. ნაწარმოებების მიხედვით) მგლების დადებით თვისებებსაც.
               10) ბოლოს უნდა  გამოიკვეთა ვაჟა მოთხრობის („ამოდის ნათდება“) იდეაც: სიკეთემ სძლია ბოროტებას –  დღე, ნათელი, ღამით მთვარის ამოსვა – ეს სიკეთეა, რომელმაც არ მისცა მგლებს ბოროტების ჩადენის საშუალება. ციტატას წაიკითხავს  ხატია პაპალაშვილი. (5წთ)
საშინაო დავალებად – წაიკითხონ იასონ ბადრიძის სამეცნიერო სტატიიდან ამონარიდი
                                          „იცნობდეთ, მგელი“, ვაჟა – ფშაველას „მგელი“.
                                        წერით სამუშაოდ: შემოქმედებითი თხზულება „მგლის ფიქრები“
11) შევაფასებ ჯგუფებს  სიტყვიერად, (3 წთ). მინდა, მიზანს მივაღწიე.  ბავშვებმა უნდა შეძლონ  საკუთარი თვალსაზრისის გამოხატვა, სხვისი თვალსაზრისის შეფასება, ადეკვატური დასკვნის გაკეთება.  (ვიდეო)
ანგარიში ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების შესახებ
გაკვეთილის ჩატარების დღე: 26.04.2013
                                      სკოლა: ხვიჩა ბიძინაშვილის სახელობის ტიბაანის
                                                      საჯარო სკოლა
                                     საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, ბიოლოგია
                       მასწავლებელი: ქართულის – ელენე ნაცვლიშვილი
                                                    ბიოლოგიის – ასმათ შუბითიძე
ძირითადი თემა: მგელი მხატვრულ და სამეცნიერო ლიტერატურაში;     მეტყველების სტილი (მხატვრული და  სამეცნიერო)
მისაღწევი შედეგები: მოსწავლეებმა წარმოადგინეს მგელი, როგორც მხატვრული  ნაწარმოების პერსონაჟი ქართული და უცხოური ნაწარმოების ფონზე, შეძლეს მისი მტაცებლური და „ადამიანური“ ბუნების ჩვენება, ისაუბრეს შერჩეული ნაწარმოებების მხატვრულ ღირებულებებზე, ამოიცნეს მხატვრული სტილი, ხოლო სამეცნიერო სტილი – ბიოლოგიის მასწავლებლის ჩართვისას. შეიძინეს საკმაო ცოდნა მგელზე, მისი ცხოვრების წესზე, ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით შევძელი მათი მაღალი სააზროვნო უნარების: ანალიზი, სინთეზი, შეფასება–განვითარება, რაც ხელს უწყობს ბავშვებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, დასკვნების გაკეთებას, შეფასების, ურთიერთშეფასების, ურთიერთ თანამშრომლობის უნარების ჩამოყალიბებას. გააზრების (რეფლექსიის) ეტაპზე ბავშვებმა გაამთლიანეს არსებული და ახლად მიღებული ცოდნა, მოხდა აზრთა გაცვლა–გამოცვლა, წარიმართა მსჯელობა.         
            გაკვეთილის სასწავლო მიზნები გამომდინარეობდა ეროვნული სასწავლო გეგმიდან, რაც დამეხმარა მოსწავლეთა პროგრესის შემოწმებაში, დამეხმარა თვითშეფასებაში. მიზანი ისე იყო გათვლილი, რომ დავინახე, რას ველოდი თითოეული მოსწავლიდან და სინამდვილეში რა მივიღე.
           აქტივობებიდან გამოვიყენე:  მინი ლექცია, ახალი ტიპის ტესტები, კითხვა–პასუხი, აქტივობა „ხუთი თითი“. ბავშვები ვამუშავე ჯგუფებში, მუშაობის წესი ბავშვებთან ერთად მქონდა შემუშავებული. თუ როგორ განვახორციელე ეს აქტივობები, ე.ი. რა მეთოდით განვახორციელე ისინი, ნათლად გამოიკვეთა გაკვეთილის მსვლელობისას.
           როგორც ჩემი, ისე ბიოლოგიის მასწავლებლის მხრიდან მოხდა გამოწვევა. ბიოლოგიის მასწავლებელმა თვალსაჩინო მასალებით გაამდიდრა თავისი ჩართულობა, ითქვა სამეცნიერო სტილზეც.
           სტილზე საუბრისას შეადარეს მხატვრული და სამეცნიერო სტილი, შესაბამისად გამოიკვეთა – ადამიანთა დამოკიდებულების წარმოჩენა მხატვრული გამოსახვის ხერხების საშუალებით და საგნის ან მოვლენის შესახებ ცოდნის მიღება ინფორმაციის საშუალებით.
           აქტივობები კლასის ორგანიზების ფორმასთან იყო დაკავშირებული, მერხების განლაგება ხელს უწყობდა მოსწავლეთა გადაადგილებას (კერძოდ, დაფისკენ).
           სასწ. პროცესის ეფექტიანად წარმართვაში ორივე მასწავლებელს დიდად დაგვეხმარა კარგად შერჩეული ძირითადი თუ არაძირითადი სასწ. რესურსები: სახელმძღვანელოები, დაფა, სამუშაო ფურცლები, ფოტომასალა, არნოლდ გეგეჭკორის „დედაბუნება“ და სხვა.
           მოსწავლეებმა მიაღწიეს გეგმით განსაზღვრულ შედეგებს, განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ იმით,  აქტივობა „ხუთ თითში“ წარმოადგინეს მხატვრულად (ეპითეტებით) მგელი,  გააკეთეს საინტერესო დასკვნები, გამდიდრებული ცხოვრებისეული მაგალითებით. აქტიურობდა ყველა ჯგუფი, ბავშვები ერთმანეთს თანაბარ პირობებში აყენებდნენ და აძლევდნენ საშუალებას, გამოევლინათ შესაძლებლობები.
           გამოყენებული სტრატეგიები შეესაბამებოდა მოსწავლეთა ასაკს და მოთხოვნილებებს, მაღალი იყო მოსწავლეთა ჩართულობა გაკვეთილზე.
           ბავშვებმა შეძლეს ემსჯელათ არა მარტო მხატვრულ მხარეზე, არამედ მგლის მახასიათებლებზეც, მათი ცხოვრების წესზე, სიკეთესა და ბოროტებაზე, გამოიკვეთა, რა იყო ბოროტება ვაჟას მოთხრობაში („ამოდის, ნათდება“) და სად გამოჩნდა სიკეთე, არ გაუჭირდათ მხატვრული სტილის გამოყოფა სამეცნიეროსგან, შეძლეს მოვლენების მიზეზ–შედეგობრივი კავშირის ახსნა და შეფასება, განუვითარდათ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარები, მხატვრული კითხვის, მსჯელობის ჩვენება.
           მოსწავლეები გამოვიწვიე მინილექციით და ჩავრთე გაკვეთილის მსჯელობაში. ცოდნის კონსტრუირებისა და რეფლექსია–გამთლიანების ფაზებზე გამოვიყენე კითხვა–პასუხის, ტესტირების, მსჯელობის, დასკვნების გაკეთების სტრატეგიები.
           გაკვეთილის მსვლელობისას „ხუთი თითი“ (აქტივობა) რომ გამოვიყენე, შევიტანე პატარა ცვლილება, კერძოდ, დაფასთან გასულ ბავშვებს ვაძლევდი დამატებით კითხვებს, ეს აქტივობა უფრო საინტერესო რომ ყოფილიყო. შევაფასე ობიექტურად.
           ვფიქრობ, გაკვეთილი სწორად წარიმართა, მიზანს მივაღწიე, მაგრამ პრობლემა ისევ პრობლემად დარჩა, 3–4 ბავშვი, როგორც ყველა საგანში, ამ გაკვეთილზეც პასიურობდა. ამ მოვლენას ასე ავხსნი: მე რომ ისეთი სტრატეგიებიც გამომეყენებინა, რომლებიც ამ ბავშვებისთვისაც იქნებოდა დასაძლევი, ასე არ მოხდებოდა.
            გაკვეთილზე დაბრკოლება არ შემხვედრია. ვგრძნობდი ბავშვებისა და კოლეგების თანადგომას, თუმცა, ჩემი მუშაობა დახვეწას მოითხოვს მომავალში.   


Комментариев нет:

Отправить комментарий