რუსული ოკუპაციის 91–ე წლისთავისადმი
მიძღვნილი ესე
„25 თებერვალი – 8 აგვისტო–
ისტორიულ – ლიტერატურული პარალელების“
და
„თანამედროვე „მგზავრის წერილების“
პ რ ე ზ ე ნ ტ ა ც ი ა
შინაარსი
1.
ელენე
ნაცვლიშვილი – „25 თებერვალი – 8 აგვისტო– ისტორიულ – ლიტერატურული პარალელები“
2.
კოლაუ
ნადირაძე – „25 თებერვალი, 1921 წელი“ /ნ. ათანელიშვილი/
3.
გალაკტიონ
ტაბიძე – „ქვეყანა გაცვდა“. /ე. ხატიაშვილი/
4.
ცოტა
რამ გრიგოლ რობაქიძეზე . /თ. გურაშვილი/
5.
ფრაგმენტი
გრიგოლ რობაქიძის წიგნიდან „ჩაკლული სული“ /ჯ. გურაშვილი/
6.
რეზო
ჭეიშვილი . „მუსიკა ქარში“ /“ფოქსტროტი“/
– ფრაგმენტი /ხ. პაპალაშ/
7.
ელენე
ნაცვლიშვილი – „თანამედროვე მგზავრის წერილები“.
8.
კინორეჟისორ
ზაზა კოლელეიშვილის ფილმი „ომი და ქორწილი“.
2012 წლის 25 თებერვალი.
25 თებერვალი
და 8 აგვისტო – ისტორიულ–ლიტერატურული
პარალელები
სამშობლო ჩვენთვის ბედისწერა და უკანსკნელი განსასვენებელია
სამშობლო – მიწა ადამიანი და უკვდა სულია.....
როცა ერთი დამოუკიდებლობა კარგავს (მნიშვნელობა
აქვს მიზეზს, დამნაშავეს), უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს ისეთი უკან გადადგმული ნაბიჯია,
რომლის შემობრუნებას და შემდგომ წინსვლას, შეიძლება, საუკუნეები დასჭირდეს.
ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დიდი ილია გვაფრთხილებდა,
რომ უნდა ვიცოდეთ, რანი ვართ, რანი ვიყავით და რა მოგველის, თუ ჩვენს ისტორიას დავივიწყებთ.
ქართველ ხალხს თავისი მრავალსაუკუნოვანი
არსებობის განმავლობაში ბევრი რჯულიანი თუ ურჯულო საკადრისი პასუხით გაუბრუნებია თავისსავე
ბუნაგში, ხოლო რუსეთთან არასოდეს ჰქონია ისეთი ნორმალური, გამჭვირვალე ურთიერთობა,
რომელსაც ორი ცივილიზებული, ისტორიულად მეზობელი ერის სამართლიანი კავშრირი ჰქვია.
ჩვენი „მეგობრული ურთიერთობა“ ამ ქვეყანასთან
შემიძლია, დავახასიათო კოლაუ ნადირაძის სიტყვებით:
„ისეთი
ცოდვა რა ჩაიდინე, ჩემო სამშობლოვ, ნეტავ ვიცოდე,
რომ ამდენი ცეცხლი დაგჭირდა და მე ამ ცეცხლით
უნდა ვიწვოდე, რომ განთხევიეს სისხლი ამდენი, არ შეგიბრალეს, არ შეგიცოდეს?!“
ახლოვდება 25 თებერვალი და მახსენდება
აგვისტო 2008 წლის, მახსენდება წლები ქართველი ხალხისა, შიშსა და ცილისწამებაში გატარებული.
1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის წინააღმდეგ საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებულ ინტერვენციას მოჰყვა ქვეყნის
დაპყრობა და აქ, ჩემს სამშობლოში, რუსეთის
საოკუპაციო რეჟიმის დამყარება, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით: სერგო ორჯონიკიძეს,
მიხა ცხაკაიას, ფილიპე მახარაძეს, მამია ორახელაშვილს,
ლევან ღოღობერიძეს და სხვებს.
რუსეთის მსგავსად, ჩვენს ქვეყანაშიც დამყარდა
ტოტალიტალური რეჟიმი, მალევე დაიწყო მოსკოვმა თავისი ვერაგული გეგმების განხორციელება
– საქართველოს დაყოფა ავტონომიებად. ამით კარგად ისარგებლეს აფხაზმა და ოსმა სეპარატისტებმა
(რის შედეგებს დრესაც ვიმკით)
საბჭოთა ხელისუფლება მაშინ დიდ მუშაოვას
ეწეოდა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის მიზნით, რასაც ვერ მიაღწია პუტინისა და
მედვედევის რუსეთმა აგვისტოს ომის დროს და შემდგომ. „რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ
რუსებმა გადააჭრბეს საქართველოს ხელთ არსებული შედეგების განვითარებული შეიარაღების
შეფასებისას, მაგრამ აშკარაა, რომ ამერიკელმა სამხედრო მრჩეველებმა ენერგიულად უმუშავეს,
რათა გაეუმჯობესებინათ საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოს სტანდარტებამდე“. (მარტინ
სიფი)
დღევანდელობისგან განსხვავებით, მაშინ,
თებერვალში, ჩვენს ქვეყანას არავინ ექომაგებოდა (სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით)
მაშინ თბილისში რუსეთის მე–11 არმიის ნაწილები
შევიდნენ. სწორედ ეს ის დრო იყო, როცა
„თოვდა და თბილისს ებურა თალხი, /სდუმდა
სიონი და დუმდა ხალხი,/
ძილღვიძილს იყო ქალაქი ჩემი, /საშინელებას
კვლავ სჭედდა გრემლი,/
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი, /მშობელო
დედავ, ისევ გაგყიდეს,/
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს, /არ შეგიბრალეს,
კვლავ არ დაგუნდეს,“–
კოლაუ ნადირაძის
პირით გმინავდა საქართველო (კოჯორი და ტაბახმელა, კრწანისი, თბილისი ...) ამ დროს
„მძიმედ დაეშვა ალამი ჩვენი“, სწორედ ამ დროს „შემოდიოდა სიკვდილი ცელით მე
ვუწოდებდი „წითელ ჭირს“
აი მაშინ აცეკვდნენ დათრგუნული ქართველები
სტალინის სურატის წინ ფოქსტროტს (რეზო ჭეიშვილი „მუსიკა ქარში“) განა სიკვდილზე უარესი
არ იყო ეკლესიების შებილწვა სატუსაღოებად, საჯინიბოებად ღვთის სახლის გადაქცევა? ტაძრების
გადაღებვა (ეს ბედი ეწია ტიბაანში სტეფანე
ხირსელის სახელობის ტაძარსაც), რომ მხოლოდ უზნეო რუსებისთვის გვეცქირა და არა სიწმინდეებისტვის?!
საბჭოთა წყობამ გააკონტროლა იმ დღიდა ჩვენი
სულები და გვაიძულა, რომ ყველას ერთნაირად გვეაზროვნა და გვეცხოვრა. ვინც შეეწინააღმდეგებოდა,
ყველას თავიდან იშორებდა, მათ შორის აღმოჩნდა ქართველი ინტელიგენციის საღად მოაზროვნე
ნაწილი. დაგვაკარგვინეს ქართული გულგახსნილობა, ურთიერთნდობა და სიყვარული (ჩვენი თავი რომ არ გადაგვერჩინა),
მიგვატოვებინეს ეკლესია–მონასტრები (თუმცა ეს ყველასთან არ გამოუვიდათ).
1937 წელს საქართველოს კომპარტიის X ყრილობაზე
სტალინის მარჯვენა ხელმა, ბერიამ მკაცრად გააკრიტიკა პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე,
მიხეილ ჯავახიშვილი. მე ამას ასე შევაფასებდი: „დასასრულის დასაწყისი“. გამწარებულმა
პაოლომ, რომელმაც სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ როყიო ტყვიის მსხვერპლი არ გახდა ილიას მკვლელობის ადგილას, პროტესტის პოლიტიკურ
ფორმას (თვითმკვლელობას სახალხოდ) მიმართა. იგი ცილისმწამებლური ლეგენდის მსხვერპლი
გახდა.
ამ ლეგენდის გაქარწყლებას დროულად შეეცადა
უკანასკნელი „ცისფერყალწელი“ კოლაუ ნადირაძე („მარადიული დისიდენტი“).
„ბატონო კოლაუ, ამბად დადის, თითქოს პაოლო
იაშვილი თეთრ ცხენზე ამხედრებული შეეგება თბილისში
წითელი არმიის შემოსვლას? – ჰკითხეს მას. „ – ჰმ, რა ამბობთ, ღმერთო ჩემო, რას არ მოიგონებენ,
მონაჩმახია და სხვა არაფერი!“ – იყო პასუხი.
მსგავსი ცილისწამებები გვესმოდა მრავალი
ათეული წლის განმავლობაში და ასეა ახლაც. 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის მოსახლეობაც
კი ალაპარაკდა რუსულ არხებზე: „დაგვიფარეთ, რუსებო, ქართველებისგანო“. პირიქით, რუსეთი აქეთ გვადანაშაულებს ცილისწამებაში; „ოპერაცია ენვერი“ ქართველების მიერ დადგმული სპექტაკლიაო.
ეს ხომ ალოგიზმია! განა ალოგიზმი არაა მედვედევის სიტყვები: :საქართველო ყველაფრისთვის
პასუხს აგებდო“ („იზვესტია“)
რისთვის ვაგოთ პასუხი ვიცით განა?!
რაც შეეხება კვლავ პაოლოს ... მე მჯერა
მისი სიტყვების, „ხალხის წინაშე ვიქნები მუდამ მართალიო“. ნათქვამის საფუძველზე მე
შემიძლია ერთი დასკვნის გაკეთება: ლეგენდის ობიექტური საფუძველი პაოლოს შეგნებული პოზიცია
(კომპრომისული, სამშვიდობო, მოსახლეობის გადამრჩენი) გახლდათ. იმ დღეს პაოლო თანამოძმეთა
სიცოცხლეს და ღირსებას იცავდა. ეს არ იყო თავის
გადარჩენის ჟესტი, ეს მისი ვაჟკაცური, დაუდგრომელი ბუნების კიდევ ერთი გამოვლენა იყო.
პირველი შემთხვევა არაა, რომ ვითომდა
„მოყვრულად“ მოსული მეზობელი მტრად გვექცეს. ეს ჩვენი ქვეყნის ხვედრია. თებერვლის სუსხი
აგვისტოს სიცხემ და ჭურვების ცეცხლმა შეცვალა, არ შეცვლილა თავდასხმის სახე–ბარბაროსობა.
თებერვალსი ხალხი დააჩოქეს, თუმცა სულით
ვერ გატეხეს. ახლაც იყო მსხვერპლი, მაგრამ ამჯერად ომი ჩვენ მოვიგეთ. მსოფლიო გვერდით
დაგვიდგა. სწორედ ახლა გამოვლინდა პუტინის
რუსეთის ბუნება–ის თვითონ იხრჩობა კვამლსა
და პრობლემებში; რუსეტში, დახავსებული რეჟიმის გამო, თვით რუსს უგუბდება სული და რა
გასაკვირია, რომ დეპორტირებული ქართველები სატვირთო თვითმფრინავის ქვედა განყოფილებიდან
ჩამორეკეს? თუ რუსეთში ქართველები სძულთ, მაშ რატომ იწვევენ, იღებენ იმ „ ვაიქართველებს
„, რომლებიც ერთ დროს ჩვენს ელიტას წარმოადგენდნენ და გაწყრნენ, რომ ბოლომდე ვერ დაიკმაყოფილეს
საკუთარი ქვენა გრძნობები? რა პასუხს აძლევენ ისინი 8 აგვისტოს ომის დროს საზარბაზნე
ხორცად ქცეული პირტიტველა ჭაბუკების დედებს?
ბედნიერები ვართ, რომ ერთხელ და სამუდამოდ
გავტავისუფლდით „რუსული ჭირისგან“, ეგენი კი ვერა. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ
ვიგემეთ რუსული ჩექმის სიმწარე, ახლა არარც თოვდა, აღარც თბილისს ეხურა ტალხი, ეღვიძა
ჩემს დედაქალაქს და გულმაგრად შეხვდა რუსული ბომბდამშენების მიერ თბილისის საავიაციო
ქარხნის და სხვა სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას, არც ჩემი კახელები შეშინდნენ, როცა
შირაქის ყოფილი სამხედრო ბაზა დაბომბეს.
რას ვერ გვპატიობენ რუსები? იქნებ იმას,
რომ იმ ბედკრულ ეპოქაში სულხან–საბამ ევროპას შეხედა იმედის თვალით, იქნებ იმას, რომ
ერეკლეს ტრაგიკული გადაწყვეტილება, არა სიმხდალით გამოწვეული სამუდამოდ სათავისოდ ვერ
გამოიყენეს?
ჩვენ გავიზარდეთ, როგორც ერი, ფრთები შევისხით,
ჩვენ, ტიბაანელებმა გავგზავნეთ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად
და უსაფლავო გმირად ვაქციეთ (ჩვენი სკოლა დღეს მის სახელს ატარებს), ჩვენს სოფელში
ცხოვრობს არწივივით ჭაბუკის, ალპინისტ დათო ხუციშვილის მამა (დათო აფხაზეთიდან ლტოლვილების
გადმოყვანის დროს ვერტმფრენის კატასტროფაში მოჰყვა).
ჩვენ მთელი საქართველო ვართ, იმ მოხუცი
ელიზბარის შვილები, რომელთაც გვჯერა, რომთუ სისხლით მოვრწყავთ სამშობლოს, მუხა კვლავაც
შეიმოსება და მას ვერანაირი მუმლი წარმოაჩოქებს – გინდ ეს დიდი რუსეთი იყოს.
ჩვენ ახალი ქართველები ვართ! მართალია,
ჩვენი პაპა–ბებიები აღზარდეს იმ სულისკვეთებით, რომ საბჭოთაკავშირის შექმნა ნებაყოფლობითი
აქტი იყო–დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირი, მაგრამ ჩვენ ასე ვეღარ დაგვარწმუნებენ.
დავინახეთ, რომ ეს არ იყო თავისუფალ ერთა მძლე კავშირი ძმური.
რომელ თავისუფლებაზეა ლაპარაკი (თვით საბჭოთაკავშირის
დაშლის შემდეგ), როცა რუსეთს არ აქვს უნარი
და სურვილი, ჩვენი წინსვლა, მსოფლიოს თანადგომა აღიაროს.
ვიცი, ციხე ერთი მოსმით არ აშენდება. ბრმა
უნდა იყო, რომ ის სასიკეთო ძვრები ვერ დაინახო, რომელსაც ახორციელებს ხალხის ნებით,
დემოკრატიული არჩევნების გზით მოსული ახალგაზრდა ხელისუფლება; თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს
ისტორიის მწარე გაკვეთილები და მუდამ გვახსოვდეს, რომ მთელი კაცობრიობაც რომ დაგვიდგეს გვერდით, ჩვენი მიწა ჩვენვე უნდა დავიცვათ,
იმაზე მეტი დახმარების იმედი არ უნდა გვქონდეს, გარდა იმისა, რითაც აგვისტოს მწარე
დღეებში დაგვიდგა გვერდით მსოფლიო საზოგადოებრიობა.
იმის დასტურად, რომ გავიზარდეთ, როგორც
ქვეყანა, მოვიყვან უცხოელი ჟურნალისტის თვალით დანახულ რეალობას ცხინვალის რეგიონში
აგვისტოს ომის დროს: „რუსეტის შემოჭრა საქართველოში წინასწარ იყო დაგეგმილი , თვით
გენშტაბის უფროსის მოადგილემ, ანატოლი ხრულიოვიმ, აღიარა, რომ საქართველოს შეიარაღებული
ძალები ის აღარ არის, რომელიც 15 წლის წინ სეპარატისტებთან ბრძოლაში დამარცხდა. „ეს
არის თანამედროვე, კარგად მობილიზებული დაჯგყფება, რომელიც თანამედროვე, კარგად მობილიზებული
დაჯგუფება, რომელიც თანამედროვე იარაღითაა აღჭურვილი.“ („ნოვაია გაზეტა“). „რუსეთის
არმია მოძველებული უნიფორმებით ვერ შეედრება ქართველ კომანდოსებს“.
ჩვენ
არ გვყავდა გამანადგურებელი ავიაცია, მაგრამ ჩვენმა ჰაერსაწინააღმდეგო თვდაცვამ მოწინააღმდეგის
სტრატეგიული ბომბდამშენები TY-22 გაანადგურა.
რუსეთის არმიამ ამჯერად უკვე ვეღარ შეძლო
ჩვენი ქვეყნის მთლიანად დაპყრობა, თუმცა გულისტკივილით მინდა ავღნიშნო, რომ ტერიტორიის
20% ოკუპირებულია, მისი ––––––––– შემოვლითი გზით დადიან, უფროსები კი სიცოცლის რისკის
ფასად წინაპართა საფლავებს უვლიან, თუმცა ამას ყველა ვერ ახერხებს. ლტოლვილებს ოცნებად
აქვთ გადაქცეული საკუთარ სახლებში დაბრუნება, ნაძარცვი კერის აღორძინება.
იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენს მიტაცებულ მიწაზე
მცხოვრები ქართველები გადახევენ რუსებისგან იძულებით აღებულ პასპორტებს, არც რუსების
მიერ დანაღმულ მიწაზე გავლის შეეშინდებათ.
აფხაზეთი ჩემი ტკივილია.....
სამაჩაბლოც ჩემი ტკივილია.....
მჯერა, დაყუჩდება გულის სიღრმეში ჩამარხული
ეს ტკივილი, ჩემო ილია, დაჟამებული რუსეთი თავის პრობლემებში ჩაიხრჩობა (თვითონვე რომ
იქმნის მუდამ), ჩვენ კი ფრთებს უფრო გავშლით.
1921 წლის 25 თებერვალი .... 2008 წლის
აგვისტო .... ეს ისტორიით ნაკარნახევი ნაჩვევი გაკვეთილებია, ეს ერის თვითგამორკვევის,
თვითშემეცნების გაკვეთილებია და სიამაყიტ მევსება
გული, როცა ვიხსენებ, რომ რუსული საავაიაციო ჭურვების აფეთქების ფონზე გორის სიახლოვეს
ქორწილი გაიმართა. „როგორ, კაცო, ქორწილი დავნიშნეთ და არ ჩავატაროთ?“ – თქვენს ქართველმა ვაჟკაცებმა
(ამონარიდი ზაზა კოლელიშვვილის ფილმიდან „ომი და ქორწილი“).
რუსეთის ჯარის ქვედანაყოფის ხელმძღვანელობამ
იცოდა, რომ ქორწილი არ გადადეს. პატარძლის ოჯახმა სეფას თავზე დიდი წითელი ჯვარიც კი
დაახატა (იქნებ წითელი ჯვრის ხელშეუხებლობის
კონვენცია გაიხსენონო), მაგრამ ამაოდ, საარტილერიო თავდასხმა მაინც განხორციელდა, მექორწილეებმა
კი რუსების ბოროტმოქმედებას და აღვირახსნილობას თავიანთი ძირძველი „მრავალჟამიერით
უპასუხეს და მათ დაჭრილსაც მოუარეს.“
აი, რა დავუპირისპირეთ აგრესორს!
ასეთები ვართ ქართველები!
ამიტომ ვიმარჯვებთ მუდამ!
ელენე ნაცვლიშვილი –
ტიბაანის ხვიჩა ბიძინაშვილის სახელობის
საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
თანამედროვე მგზავრის წერილები
აგვისტოს მწარე დღეებია. ვბრუნდები სამშობლოში
და ერთი ფიქრი მაწუხებს: რა მდგომარეობაში მყოფს ვნახავ ჩემს ქვეყანას? ჩავწვდები კი
იმ საშინელებას, რომელიც „მოძმე“, ერთმორწმუნე რუსეთმა დაგვატეხა თავს, შევძლებ, შვილმკვდარ
დედებს ნუგეში მივცე, უსახლკაროდ, უპატრონოდ დარჩენილ ბავშვებს რწმენა დავუბრუნო, ხალხს
ლუკმა მივაწოდო, ქართული სული გავუძლიერო?!
იმედი მაქვს, რომ შევძლებ! მერე რა, რომ
სამშობლოს დიდი ხნით ვიყავი მოშორებული! მე ხომ ქართველი ვარ! ვიცი, ჩემი სამშობლო
მომივლის და გულში ჩამიკრავს კიდეც, უცხო, ცივი სახეების ნაცვლად მადლიერი თანამემამულეების
ბედნიერებით გაბრწყინებულ, სიხარულით აცრემლებულ თვალებს დავინახავ. ქართველები იამაყებენ
ჩემით, ჩემი სიმღერა მათ მოუშუშებელ იარებს მოურჩენს.
ახლა თურქეთის თვითმფრინავში ვზივარ და
ათწლიანი განშორების შემდეგ მშობლიურ მიწას ვუბრუნდები. ილიას გზა ეტლით ვერ გამოვიარე,
არა იმიტომ, რომ მეშინოდა, ჩემთვისაც თერგდალეულობა არ დაეწამებინათ არა, ბატონო, მე
ამ ანდაზით ვიმართლებ თავს: „შორი გზიდან მოუარე, შინ მშვიდობით მოდიო“. ამიტომაც არ
შევუშინდი გრძელ გზას. ვბრუნდები სამშობლოში, რადგან გალაკტიონისა არ იყოს,
„მე კავკასიის ქედები მთხოვენ,
მე მთხოვს მუსიკა თერგის ხმაურის“.
მართლა მწყდება გული, თერგის წყალი რომ „ვერ დავლიე“, მაგრამ იქნებ ასე სჯობდა! მე სანდრო
კაიშაურივით უჩვეულოდ, ფერფლადქცეული არ ვბრუნდები, მე ცოცხალი ვარ, ილიას ქვეყნის
თანამედროვე შვილი.
რა სასიამოვნო იქნებოდა დანგრეული და გადამწვარი
სოფლებისა და ქალაქების, თავზარდაცემული ადამიანების ნახვა? მათ ხომ, „მოძმე“
რუსებისაგან შევიწროებულთ, აღარ შეუძლიათ საკუთარ მიწაზე თავისუფლად გავლა,
საქონლის გაყვანა საძოვარზე, ტყიდან შეშა–ფიჩხის გამოტანა, ბევრს ხომ საკუთარი სახლ–კარი,
ახლობელთა საფლავები ენატრება.
ახლა ჩემი ქვეყნის ცაც სახიფათოა და მიწაც.
არ ვიცი, კიდევ როდის დაგვბომბავენ, ჩვენი
თანამემამულეების სისხლით კიდევ როდის შეიღებავენ
ხელებს ჩვენი ძველი „კეთილმოსურნეები“. ახლა რუსული ავიაციის ჭურვებით გადათხრილი ჩვენი
ლამაზი ველ–მინდვრების ხილვა მაშინებს და თან მაოცებს, მაწუხებს და მაშფოთებს.
სწორედ ამიტომ მინდა, სახლში დავბრუნდე
და ვუმღერო ჩემს მრავალჭირვარამგამოვლილ ქვეყანას.
თვითმფრინავში ხანდახან ჩამთვლემს ხოლმე.
როცა ჰაერის ორმოებში ჩავარდნისას ჩემი საჰაერო „ეტლი“ ირყევა, მახსენდება დიდი ილია, რუსულ ეტლში ჯდომას
რომ არ შეუშინდა.
ო... ო ... მცდარ რწმენასა და ფუჭ იმედებში
გატარებულო ათწლეულებო! ერეკლე მეფე რომ წამოახედა, ხელმეორედ მოკვდებოდა ...
ნუთუ არ იყო მყარი ის ძმა–მეგობრობის,
იმედის ხიდი, ქვეყნის მწარე ყოფით გულშეძრულმა მამულიშვილმა ორ ქვეყანას შორის რომ
გადო, რატომ ჩატყდა ყვავილებში ჩაფლული სიყვარულის ხიდი ნინო ჭავჭავაძისა და ალექსანდრე
გრიბოევოდის?! ეს ხიდი ახლა დანაღმული და თივაწაყრილი
ორმოა, რომელსაც ეწირება მრავალი ქართველის სიცოცხლე, ეს უკვე შიშის, სიკვდილის დერეფანია,
რომლის გავლა აღარ გვინდა აღარც სწავლა–განათლების მისაღებად, აღარც ჩვენი შემოქმედებითი
ძალების მოსასინჯად თუ გამოსავლენად და აღარც სიცოცხლის გადასარჩენად.
არც მე მინდა, „თერგდალეულობა“ დამწამონ
– ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რა დამალევინებს თერგის წყალს, როცა წყაროს წყლის
დალევასაც კი ვერ შევძლებ ოკუპირებულ მიწაზე. წყალიც და სულიც მოგვიწამლეს ცილისმწამებლური
საინფორმაციო ომით.
მათ ჩემი გამოყენება მოინდომეს, როცა რუსეთის
სახელით მაგზავნიდნენ უკრაინაში სიმღერის ფესტივალზე
მაშინ, მაშინ როცა ჩემს მიწას ბომბავდნენ,
ვარდ–ყვავილებით შემკული გზის სათავესთან დამაყენეს, მაგრამ ყველაფერზე უარი ვთქვი და აი, ვბრუნდები პატარა, მაგრამ ამაყ და
ძლიერ საქართველოში. ჩემი ღარიბული ქოხი, მშობლიური კერა მირჩევნია მათ ხელში ბატონკაცურად,
მაგრამ უგულოდ ყოფნას.
როცა თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო
სივრცეში შევიდა, გულმა სხვანაირად დამიწყო
ფეთქვა. დამქროლა ჩემი ქვეყნის სიომ , რომელმაც გადამწვარი ტყეების კვამლი მოიტანა.
ეს კვამლია, მაგრამ ჩემთვის მაინც ტკბილი და სასიამოვნოა. მის მიღმა მოჩანს ჩემი მშობლიური
ტყეების სილამაზე, სიმწვანე იმ ტყეებისა, როელთაც ქართველები ნახანძრალზე კვლავ გავაშენებთ.
ჩვენი ქედუხრელი ბუნების, ნიჭის წყალობით
მსოფლიო გვიცნობს. ჯერ კიდევ სუხიშვილ–რამიშვილის ანსამბლის და დღეს „სუხიშვილების“ წყალობით მსოფლიო შემოვიარეთ, „ერისიონი“ ჰაეროვანი ცეკვებითა და ტკბილი ჰანგებით ქართული
კულტურის პოპულარილაციას ეწევა ყველგან.
ჩვენი ნიჭის გაცხადებაა: უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“ თამარის ეპოქიდან, ილია, ვაჟა, გალაკტიონი, ჩვენში
აიგო: მცხეთა, ვარძია, სვეტიცხოველი, სამება
... და იმ დროს, როცა ბევრი, დღეისათვის ძლიერი
ქვეყანაა არც კი არსებობდა, ჩვენ უკვე ფარნავაზის ანბანით ეტრატზე ვწერდით ჩვენი ქვეყნის
სისხლიან ისტორიას.
რუსეთში ყოფნისას არ მავიწყდებოდა, რომ
მქონდა ვალი ამ წუთისოფლის. ფიქრებით მუდამ სამშობლოში ვიყავი. სიდუხჭირეს გარიდებული,
ერთი შეხედვით, ოქროს გალიაში აღმოვჩნდი, მაგრამ უცხო მიწაზე „გადარგული“
თავს მაინც ეულად ვგრძნობდი, აქ ვერ ვიგრძენი ის სითბო, სიყვარული, რომელთაც
სამშობლო აძლევს ადამიანს. აქ გულით (როგორც
სამშობლოში) არავის უყვარდი, ჩემი ხმით კი
ტკბებოდნენ.
ვიცოდი, ჩემი სიმღერა მშობლიურ ქვეყანაში
გრძნობებს აღძრავდა, მსმენელს არ დააძინებდა და ...
აი, მეც ვბრუნდები ....
უცხოელები შემხვდნენ საზღვრისპირა რაიონში შემოსულს. ესენი გაეროს დამკვირვებლები, ეუთოს მისიის
წამრმომადგენლები იყვნენ; წუხდნენ, სულელურად კი არ იცინოდნენ „ფრანსიელივით“ ....
იდგნენ და ვერაფერს გვშველოდნენ...
კეთილი ნება კი ამოძრავებდათ ...
მაგრამ რა შეეძლოთ?
მხოლოდ „კეთილი ნება“ მოიპოვა სულხან–საბამ
ევროპაში „ყიალით“, მეტი არაფერი.
მთავარნი ჩვენს საქმეში მაინც ქართველები
ვართ. ახლა ხომ „ახლა ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნის“, შევინარჩუნოთ
„ასე ნანატრი თავისუფლება“; ნუ ვიქნებით
„მტვერწაყრილდი“, გავხდეთ მართლა ბედნიერი ერი. მე ნუ ვიქნები ერთადერთი მგზავრი, სამშობლოში დაბრუნებული! ჩვენი მიწის ყივილი გვიხმობს, ფესვები გვეძახის! მჯერა, ყოველი ქართველის გულშია ის ნაპერწკალი,
რომელიც სხვებსაც იპოვის და ერთ დიდ ცეცხლად აბრიალდება.
აი, ამ ძალას კი ვეღარავინ გაუმკლავდენა – ვერც რჯულიანი და ვერც ურჯულო.
მინდა, მთაწმინდაზე ავიდე და იქ, ილიას
გვერდით, დავანებულ საამაყო ქართველთა აჩრდილებს შევფიცო:
ჩემო დიდო წინაპრებო, განისვენეთ მშვიდად.
თანამედროვე ქართველები ხომ თქვენი შთამომავლები ვართ! სწორედ ჩვენ შევისმენთ ლეიბნიცის ნათქვამს: „აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“.
დიდო ილია, ჩვენ დაგიამებთ იმ ტკივილებს,
ლელო ღუნიას სიტყვებმა რო დაგიტოვა, ჩვენ გავამთელებთ იმ საფეხურებს, რომელთაც წიწამურში, შენს ძეგლთან, ამოვყავართ!
ეს საფეხურები ჩემი ტანჯული ქვეყნის მიერ
გავლილი და მისთვის მსხვერპლად შეწირული შენი სიცოცხლის საფეხურებია.
მე ამოვალ შენთან და გეტყვი: „მე, მგზავრი,
დავბრუნდი“.
ვიმღერებ იმაზე, რომ საქართველო გაბრწყინდება,
რომ ღამეს ნათელი დღე შეცვლის, ვუმღერებ თერგს,
მოძრაობისა და სიცოცხლის სიმბოლოს და მყინვარს ...
მას სპეტაკ შუბლზე
ძარღვები შეუტოკდება. ისიც დახედავს თერგს, გახედავს მთელს საქართველოს, გაასპეტაკებს
ყოველი ქართველის გულს და დაარწმუნებს ყველას, რომ საჭიროა ერთად დგომა, პირადულის
უკან დაყენება.
თბილისში მოსულს ნათესავები და მეგობრები
შემხვდნენ. გზა, ჩემი სახლისაკენ მიმავალი, თითქოს განგებ გაგრძელდა, რომ ის ფიქრი
ამომეცნო და ის კითხვა გამეაზრებინა, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებულს ასე მაწუხებდა:
რა არის მაინც ადამიანის სიცოცხლე, რა უნდა გავაკეთო ისეთი, რომ „სახელის ხე საჩრდილობლად
წყლისა პირსა სამე დავრგოთ“ და იმქვეყნიური „საგზალ–ბარგიც მოვიმზადოთ“?
ვიცი, რაც უნდა გავაკეთო.
სხვამ რად უნდა მიკარნახოს, ჩაი დავლიოთ
თუ არა?
ვიცი, რას ნიშნავს განათლება, ცივილიზაცია.
ჩემი თბილისია ლამაზი ბაღნარი, ნამდვილი სამოთხე, სადაც ასეთივე ლამაზი ქართველი ქალბატონები
იწონებენ თავს, ვიღაც გადამთიელს არ მისცემენ „შენი ჩირიმეს“ თქმის უფლებას.
მე შევაგროვებ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს,
მათ საქართველოში ჩამოვიყვან სამშობლოს სამსახურისთვის.
ჩვენ, უცხო მიწაზე გადარგულები, მშობლიურ
კუთხეს, ფესვებს დავუბრუნდებით და ერთად ვიმღერებთ საქართველოს, მთელი მსოფლიოს გასაგონად:
„ჩემო კარგო ქვეყანავ,
რაზედ მოგიწყენია?
აწმყო თუ არა გვწყალობს,
მომავალი ჩვენია!“
2012 წელი 25 თებერვალი
მოსწავლის (მარიამ სომხიშვილი Xკლასი) ესე
ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის პირველი პერიოდის გაანალიზებისას თვალში საცემია ერთი უმნიშვნელოვანესი სტროფი შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნიდან”:
“ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს:
ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს,
ავსა წამ-ერთ შეამოკლებს, კარგსა ხან-გრძლად გააკვლადებს,
თავსა მისსა უკეთესსა უზადო – ჰყოფს, არ აზადებს”
რუსთაველი პირდაპირ ასახელებს დიონისე არეოპაგელს, რომელსაც ეყრდნობა სიკეთისა და ბოროტების საკითხის გარკვევისას. ფსევდო - დიონისეს აზრით, არსი მხოლოდ სიკეთეს აქვს, რადგან ის იბადება მარადიული ღვთისაგან, ის არის თავად ღვთაება. სიკეთე მარადიულია, ბოროტება – Dდროში შეზღუდული. პოემაში ნათლადაა გაცხადებული დიდი სიბრძნე: “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია.”
საუკუნეებია, გრძლედება ფიქრი სიკეთის ფენომენზე.
გამოჩენილ მეფე-პოეტს ვახტანგ VI-ს (1675-1737) ეკუთვნის მცირე ზომის ლექსი “შეგონება”, რომელიც კაცთა მოდგმის წინაშე უხსოვარი დროიდან მდგარ პრობლემას ეხება – რა მართებს ადამიანს? როგორ უნდა გალიოს მან ცხოვრების გზა?
“კაცმან უნდა თავის საქმე ყველა ღვთითა მოივარგოს,
ამ სოფელსა ხელი ჰყაროს, იქაც ბარგი დაიბარგოს,
მოყვარეთ და ამხანაგთა თავის რიგით საქმე არგოს,
სახელის ხე საჩრდილობლად წყლისა პირსა სამე დარგოს.”
ჩემი აზრით, “სახელის ხე” იგივე სიკეთეა, თუ არ დათესავ სიკეთეს, არ ასაზრდოებ და არ გაზრდი, სახელს ვერ მოიხვეჭ, სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებ.
ვახტანგ VI-ის გარდაცვალებიდან ზუსტად ასი წლის შემდეგ, 1837 წელს, ნიკოლოზ ბარათაშვილი წერს თავის ცნობილ შედევრს “ფიქრნი მტკვრის პირას”, რომლის ბოლო სტროფში გამოთქმულ თვალსაზრისს ვახტანგ VI-ის შეგონება უთუოდ ეხმიანება:
“მაგრამ რადგანაც კაცნი გქვიან-შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა,
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!”
“სოფლისთვის ზრუნვა” კეთილი მეფის მიზანია, რომლის “?სიცოცხლე: ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული----, მისი ფიქრის საგანია, ის ზრუნავს ქვეყნის მომავალზე, მხოლოდ კეთილი ზრახვები აქვს და არა მომხვეჭელობის სურვილი.
რუსთაველის პოემაში სიუხვე, სიკეთე ის სიმდიდრეა, რომლის გაცემა სულიერად ამაღლებს ადამიანს, გზას უნათებს მას და მის შთამომავლობას. ბრძენმა როსტევან მეფემ თინათინი გააფრთხილა, რომ მხოლოდ სიკეთის კეთება ევალება ქვეყნის მმართველს: “რასაცა გასცემ, შენია, რას არა – დაკარგულია”.
ხეს რომ დარგავ, ის ჯერ ნერგია, რომელსაც მოვლა და გაფრთხილება სჭირდება, თვით პატარა სიკეთეც ნელ-ნელა იზრდება, ტოტებს შლის, იბარტყებს, ფესვებზე ხესავით ამონაყარს გაიკეთებს და ზეცისკენ მიემართება.
ყოველგვარი სიკეთე წინ მიუძღვის ადამიანს, ალამაზებს მის ცხოვრებას უპირველესად და შემდგომ მას, ვისაც ეხმარება. სიკეთე, ქველმოქმედება, გაჭირვებულისთვის ხელის გაწვდა საიმქვეყნო საგზალ-ბარგია.
საქართველოს საპატრიარქო და უწმინდესი და უნეტარესი ილია II თავისი ცხოვრებით დღენიადაგ ზრუნავს, რომ სიკეთის ხემ იხაროს, იყოს მარადმწვანე, იშრიალოს და შემწედ დაადგეს გაჭირვებულებს. მისი ეპისტოლეები სიკეთის კეთებისკენ მოუწოდებს ადამიანებს. პატრიარქის ინიციატივით, მრავლდება მწვანე ნარგავები, ტოტებს შლიან ისინი და თავისუფლებას გვაზიარებენ.
გასაოცარია დღევანდელი ცხოვრება. რამდენი სასიკეთო საქმის კეთება შეუძლია ადამიანთა ნებას, რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა და ხელიდან დაუძვრა უბედურებას თუ არა სიკეთე, მაშ რა არის მომრავლებული თავშესაფრები, უპატრონოთა სახლები, უფასო სასადილოები, ფულადი შემოწირულობანი, სასიკეთოდ ნამღერი და ნაცეკვი?!
თანამედროვე, უანგარო სიკეთის მარცვლით საზრდოობს პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდი “იავნანა”, ცნობილ მომღერალს მიმბაძველები გამოუჩნდნენ და -------- რამდენი ადამიანი გაიგზავნა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რამდენ ადამიანს, მრავალშვილიან ოჯახებს შეუძინეს ბინა, რამდენი დააპურეს, რამდენს შეუწყეს ხელი ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაში.
სიკეთის ხემ მოუწოდა ადამიანებს – გაეღოთ სისხლი ადამიანების გადასარჩენად, დაეფინანსებინათ: განწირული ადამიანები ოპერაციისთვის, აუცილებელი, ძვირადღირებული მედიკამენტების შესაძენად. განა სიკეთე არაა ის, რომ უშვილო ოჯახებს აძლევენ ბავშვის შვილად აყვანის და მისი აღზრდის უფლებას?!
ცნობილი ჟურნალისტის, დიმიტრი ცინცაძის სიცოცხლე სიკეთის ხითაა ნასაზრდოები, მის გადასარჩენად ჟურნალისტების ინიციატივას მთელმა საქართველომ დაუჭირა მხარი და ----- დიმიტრი ცინცაძე ცოცხალი და ჯანმრთელია.
ვუბრუნდები კვლავ პაატა ბურჭულაძის ქველმოქმედებას და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მისნაირი ადამიანები ისევე როგორც ეხმარებიან სხვებს, მათ სიკეთეს ნაზიარები ადამიანებიც ეხმარებიან მათ სასუფევლის დამკვიდრებაში.
Mმარიამ სომხიშვილი – 16წლის, ხვიჩა ბიძინაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის საჯარო სკოლა, X კლასი ; ელ.ფოსტა:
Комментариев нет:
Отправить комментарий