ტრენინგები და სემინარები

ტრენინგის ანგარიში

სიღნაღი 2009 წელი
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ტრენინგის დასახელება: "Linux"-ის საბაზო კურსი


თელავი 2012 წლის დეკემბერი
            ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
            ადგილი და ხანგრძლივობა: ქალაქი თელავი, #3 საჯარო სკოლა. 16 საათის ხანგრძლივობით.
მიზანი: პედაგოგთა კვლევებისა და პროექტ–გაკვეთილის დაგეგმვა, მონიტორიგნგი და შეფასება.
ამოცანები: პედაგოგთა ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა/საკვლევი თემის შერჩევა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება.
·         კვლევის პროცესის დოკუმენტირება – კვლევის დღიურის წარმოება;
·         კვლევის მეთოდის შერჩევა და ექსპერტიზა;
·         მონაცემთა შეგროვება;
·         მონაცემთა ანალიზი, რომელიც ყველაზე საინტერესო და ამავე დროს კვლევის ყველაზე რთული პროცესია;
·         მოქმედების სტრატეგიის განვითარება და მისი პრაქტიკაში დანერგვა;
·         მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების ექსპერტიზა;
·         პროექტგაკვეთილის დაგეგმვა;
·         კოლეგების თანამშრომლობის ფორმების გაცნობა და სუსტი და ძლიერი მხარეების დადგენა;
·         მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურა  და დანისნულება, რეკომენტაციები პორტფოლიოს საწარმოებლად;
·         სარეკომენდაციო ხასითის სქემებისა და ცხრილების გაცნობა მასწავლებლის პორტფოლიოსთვის;

ღონისძიების დღის წესრიგი:

I  დღე  – 4სთ
I  სერია – 1 სთ  და  15 წთ.  /პროგრამის  პრეზენტაცია, მასწავლებლის  პროფესიული განვითარების სქემა/

II სერია – 2 სთ. და 55 წთ.  /პედაგოგთა კვლევა/
II დღე – 4 სთ.
I სერია – 1 სთ.  და 30 წთ.  /პრაქტიკული კვლევა/
II სერია – 1 სთ.  და 30 წთ. /პროექტგაკვეთილი/
III სერია – 1 სთ. 10 წთ. /პროექტის შეფასების რუბრიკა/
III დღე– 4 სთ
I  სერია – 2 სთ. (პროექტგაკვეთილი. დაგეგმვა და პრეზენტაცია)
II სერია – 2 სთ. (კათედრებზე მუშაობა და კვლევა)
IV დღე – 4 სთ.
I  სერია – 2 სთ. /მასწავლებლის პორტფოლიო/
II  სერია – 2  სთ. /ანგარიშის ფორმების და მათი მომზადება/

            პროფესიონალი მასწავლებელი არასდროს უნდა კმაყოფილდებოდეს მიღწეული შედეგით. მისი ცოდნა და პროფესიული უნარები მოითხოვს მუდმივ გადახალისებას, დახვეწას. ამდენად, მრავალფეროვანი აქტივობები, სწორად დაგეგმილი პროექტები, კვლევები, სამოდელო გაკვეთილები, პრეზენტაციები მასწავლებელს ეხმარება მიზნის მიღწევაში.
            მასწავლებლის, კერძოდ, სერტიფიცირებული მასწავლებლის, შემდგომი პროფესიული დახვეწის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი და ამავდროულად, საინტერესო გზაა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვა.
            2011 წელს, სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ, ჩავერთე პროფესიული განვითარების სქემაში, წარვადგინე იმ აქტივობების ნუსხა, რომელთა განხორციელებას ვაპირებ 7 წლის განმავლობაში.
            ვიცი, რომ სემიძლია, გარკვეული ცვლილებებიც შევიტანო. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელიც შევარჩიე, იყო ტრენინგზე დასწრება (25 სთ. 1 კრედიტ.)
            ჟურნალ „მასწავლებლის“ საშუალებით გავერკვიე, როგორ სემიძლია, მოვიპოვო პირველი კატეგორიის მასწავლებლის სტატუსი, მეორე კატეგორიის მასწავლებლის სტატუსი ან შევინარჩუნო სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი.
            ბევრი რამ ბუნდოვანი იყო ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ ვატარებდი პროექტგაკვეთილებს, ვახორციელებდი პროექტებს, ვაკეთებდი პრეზენტაციებს, ვგრძნობდი უკმარისობას, მჭირდებოდა დაკვალიანება, რაც უფრო თავდაჯერებულსა და გამბედავს გამხდიდა.
            დროული და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს ტრენინგი, რომელიც 2012 წლის დეკემბერში გავიარე. ტრენინგს კახეთის რეგიონის პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული სერტიფიცირებული მასწავლებლები ვესწრებოდით.
            ტრენინგის დასაწყისში ვისაუბრეთ საკითხებზე:
·         რატომ ჩავერთეთ სქემაში
·         რა აქტივობები ავირჩიეთ
·         განვახორციელეთ თუ არა ცვლილებები
·         რას ვგეგმავთ
·         რომელი აქტივობების განხორციელება გვიძნელდება ან გვიადვილდება
          პროფესიონალი მასწავლებელი:
·         იყენებს მრავალფეროვან  მეთოდებს
·         აკეთებს თვითშეფასებას
·         გაკვეთილს აანალიზებს
·         ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე
·         იკვლევს თავის პედაგოგიურ პრაქტიკას (რაც უმთავრესია მის მუშაობაში)

ჩვენი ტრენინგი, როგორც მივუთითე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ მოწოდებულ მასალას (როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე) ეხებოდა.
ტრენინგის დახმარებით ჩამოვყალიბდით ამ მიმართულებით: როგორ ფიქრობთ?
·         რა არის კვლევა
·         ვინ არის მკვლევარი მასწავლებელი
·         რაში ეხმარება კვლევა მასწავლებელს
·         როგორ ვაწარმოოთ კვლევის პორტფოლიო
·         როგორ დავიწყოთ კვლევა
            როგორ წარვმართოთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევები?
            კვლევისას ხდება ახალი ცოდნის ძიება, ფორმდება დოკუმენტურად ანგარიშის, სტატიის, პროექტის ... სახით.
            განასხვავებენ ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს. ფუნდამენტური კვლევისას მეცნიერული ცოდნის გაღრმავება ახალი თეორიების შექმნით და აქამდე უცნობი მექანიზმებისა და ტექნოლოგიების ახსნით ხდება. გამოყენებითი კვლევის მიზანი კი თეორიების, მექანიზმების, ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვა და გამოყენებაა.
            პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა გამოყენებითი კვლევაა. იგი წარმოადგენს პროფესიული სიტუაციების სისტემურ კვლევას, ჩატარებულს მკვლევარ–მასწავლებელთა მიერ სასწავლო სიტუაციების გაუმჯობესებისა და საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის მიზნით. ამდენად, კვლევა საკუთარი შემოქმედებითი ძალების გაძლიერებაა.
            ტრენინგზე მოვისმინეთ, თუ რა თავისებურებები გააჩნია პედაგოგიურ კვლევებს, გავეცანით პედაგოგიური კვლევის ფაზებს, რომ კვლევის პროცესის პირველი ნაბიჯი საკვლევი თემი განსაზღვრაა, რომ კვლევის პროცესის მეგზური კვლევის დღიურია, შემდეგ ხდება კვლევის მეთოდის შერჩევა და მონაცემთა შეგროვება.
            უკეთესად გავიგე, თუ რა არის კვლევის მეთოდი (კვლევის პროცესში გამოყენებულ გზებს, რომელთაც ობიექტური დასკვნებისაკენ მივყავართ, კვლევის მეთოდები ეწოდება).
            ახლა უკვე ვიცი, როგორ მოვახდინო მონაცემთა ანალიზი და ინტერპრეტაცია, თითქმის ყველა კვლევის მეთოდს გავეცანით; მაგალითად, დაკვირვებას, რაშიც დაგვეხმარება: დიალოგები, ინტერვიურება. გავეცანი ჯგუფური ინტერვიუს სახეობას (ფოკუს–ჯგუფი), გავერკვიე, რომ ანკეტირება ინტერვიუს სტრუქტურირებული (ფორმალიზებული) სახეა.
            საკითხავ მასალაში მოცემულია ანკეტირების მაგალითები. ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია კვლევის ანალიზმა. ანალიზი რომ სერიოზული და ღრმა იყოს, უნდა ჩავრთოთ სოციოლოგი და ფსიქოლოგი, თუმცა, საკუთარი პედაგოგიური მარტივი კვლევის ანალიზს მასწავლებელი დამოუკიდებლადაც გაართმევს თავს.
            ტრენინგზე კვლევებზე მსჯელობისას უკვე მომივიდა იდეა, მეც ჩამეტარებინა კვლევები; ჩამოვაყალიბე კიდეც, რა სახის კვლევების ჩატარება შემეძლო. პედაგოგიურ კვლევებთან დაკავშირებით აუცილებლად მოვაწყობ პრეზენტაციას ჩვენი სკოლის მასწავლებლებისთვის იანვრის არდადეგებიდან დაბრუნებისთანავე.
            ტრენინგზე ვისწავლეთ კვლევის ანგარისის დაწერა. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ მკითხველისთვის წასაკითხად ვწერ კვლევის ანგარიშს. უნდა ჩანდეს მიზანი , დავიწყო უნდა დასკვნით, გავითვალისწინოთ სტრუქტურა, წერის სტილი, დავიცვათ ლოგიკური თანამიმდევრობა.
            ვიმუშავებ სამუშაო ფურცელზე. ცხრილი ასეთი თანამიმდევრობით შევავსეთ: პრობლემა (კლასის მართვა და კონფლიქტები, სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა, სასწავლო პროცესის შეფასება)  კვლევის მიზანი. კვლევის მეთოდები. ვიმუშავებ წყვილებზე. ბოლოს მოვახდინეთ პრეზენტაცია.
            პედაგოგიურ კვლევებთან დაკავშირებით ვნახეთ ვიდეომასალა, რომელიც ეხებოდა თბილისის ერთ–ერთ სკოლაში ჩატარებულ კვლევას, მართალია, გასააზრებლად ცოტა რთული მეჩვენა, მაგრამ ბევრი რამ გავიგე  და კმაყოფილი დავრჩი.
            ტრენინგზე როდესაც პედაგოგიურ კვლევებზე ვსაუბრობდით, დამაინტერესა იმან, თუ როგორ შევძლებდით მასწავლებლები ერთმანეთის სასწავლო პროცესის კვლევას. მე ვფიქრობ, ეს ერთგვარი ორიენტირი იქნება პედაგოგიური მოღვაწეობისას.
            რაც შეეხება პროექტგაკვეთილს. ტრენინგამდე მაქვს ჩატარებული პროექტგაკვეთილები, მაქვს პროექტის პრეზენტაციაც, ერთი პროექტი კი („ქართული ენის თავგადასავალი“), უფრო სწორად, ორ ეტაპად დაგეგმილი პროექტი, ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მქონდა პროექტის პრეზენტაცია. ხოლო სასწავლო–შემეცნებითი  ხასიათის ექსკურსია თბილისში (მთაწმინდისა და დიდუბის პანთეონები, დედაენის ძეგლი) მოეწყობა 14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სურათებს გადავიღებთ და მოვამზადებთ სტენდს ან ალბომს. ეს პროექტი ჩემს სადამრიგებლო კლასთან (VIIIკლ) მაქვს.
            ტრენინგზე მივიღე ფრიად საყურადღებო მითითებები პროექტგაკვეთილთან დაკავშირებით, რაც დამეხმარება, გავაუმჯობესო ამ მიმართულებით მუშაობა.
            კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პროექტგაკვეთილიკონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართი=ული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის სესრულების დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და საკომუნიკაციო უნარები. გავიგე, რომ პროექტგაკვეთილი იგივეა, რაც პროექტიმეთოდი, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, სასწავლო პროექტები და სხვა.
            პროექტგაკვეთილი ძირეულად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისგან.
            განვიხილეთ ინტეგრირებული პროექტგაკვეთილის შესაძლო ნიმუში, გავეცანით იმ უნარებს, რომლებსაც უნდა ფლობდნენ მოსწავლეები პროექტზე მუშაობის პროცესში (ესენია არა მარტო სივრცეში ორიენტირებისა და დამოუკიდებელი სწავლის უნარ–ჩვევები, არამედ ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარებიც). ბავშვებში ყალიბდებოდა თანამშრომლობის კომპეტენცია, რაც აუცილებელია ჯგუფური პროექტების განხორციელებისათვის.
            ტრენინგზე კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა გაფორმდეს პროექტის გეგმა.
            მასწავლებლები ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებდით. პროფესიული კომუნიკაცია ხომ საგანმანათლებლო საკითხებზე ფოკუსირებული და პროფესიული ინფორმაციის გაცვლა–გამოცვლას უწყობს ხელს. ჩვენს სორის იყო ჯანსაღი კონსტრუქციული კრიტიკის მიღება და გატვალისწინება სამომავლოდ.
            ტრენერი გვესაუბრა გამჭოლ კომპეტენციაზე, რომლის განვითარება დღეს პრიორიტეტულია; ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ხშირად იჩენს თავს სასკოლო ცხოვრებაში; გავაანალიზეთ კონკრეტული შემთხვევები და მოვამზადეთ სათანადო შეფასებები.
            მინდა ავღნიშნო, რომ მოგვეცა მნიშვნელოვანი საკითხავი მასალა, ანგარიშის ფორმები გაკვეთილის, ღონისძიების ჩატარების შედეგების დაფიქსირებისთვის გვაქვს პროექტის გაფორმების, შეფასებისა და თვითშეფასების სქემები, რომლებიც მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს; შეგვიძლია, დოკუმეტურად გავაფორმოთ პროექტის შეფასების კითხვარი (დახურული კითხვების სახით) .
            ტრენინგზე დასწრებამ  გამხადა უფრო თავდაჯერებული, მოტივირებული, ინიციატივიანი. ჩემი შემდგომი პედაგოგიური საქმიანობა და როლი სასკოლო ცხოვრებაში უფრო თვალსაჩინო გახდა. მივხვდი, დღეიდან რამდენი რამის გაკეთება შემიძლია. კვლევა და პროექტები, რომლებზეც გვესაუბრა ჩვენი ტრენერი, უფრო გასაგები და ადვილად მიღწევადი გახდა ჩემთვის. საკითხავი და ვიდეომასალა ისე იყო შერჩეული, რომ არანაირი გაიგებრობისა და გაურკვევლობის წინაძე არ აღმოვჩნდები.
            ბევრ საინტერესო საკითხზე ვისაუბრეთ. ჩვენი ტრენერი, ქალბატონი მაკა მამფორია, საჭიროებისამებრს ტაქტიანად ერეოდა ჩვენს მსჯელობაში და მივყავდით სწორ დასკვნამდე.
            კარგად გავერკვიე მასწავლებლის პორტფოლიოში; ვისწავლე, როგორ ვაწარმოო იგი. მაქვს პორტფოლიოში შესატანი დოკუმენტაციის აღრიცხვის ფურცელი.
             და ბოლოს... ვეთანხმები რონალდ ბართის სიტყვებს: „საინტერესოა, რამდენი ბავშვის ცხოვრება, შეიძლება, გავხადოთ წარმატებული, თუ მასწავლებლები ერთმანეთს გავუზიარებთ იმას, რაც ვიცით“.

პრეზენტაცია:


„როგორ წარვმართოთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევები“
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
სოფ. ტიბაანის საჯარო სკოლა
ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი ელენე ნაცვლიშვილი
2013 წელი, იანვარი.  (ვიდეო)
            მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაში დიდ როლს ასრულებს  პედაგოგიური კვლევები. სწორედ ეროვნული სასწავლო გეგმის ფუნდამენტური პრინციპი: შედეგზე ორიენტირება და მასწავლებლისთვის საშუალების მიცემა–თავად ეძიოს და აირჩიოს შედეგის მისაღწევად უკეთესი გზა–მასწავლებელს მკვლევარად  აყალიბებს.
            რა არის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა?
            კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის, სტატიის, პროექტის სახით.
            განასხვავებენ ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს.  ფუნდამენტურია კვლევა, რომელიც ემსახურება მეცნიერული ცოდნის გაღრმავებას ახალი თეორიების შექმნით და აქამდე უცნობი მექანიზმებისა და ტექნოლოგიების ახსნით, გამოყენებითი კვლევის  ძირითადი მიზანი კი თეორიების, მექანიზმების, ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვა და გამოყენებაა.
            პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა  რიცხვს. იგი წარმოადგენს პროფესიული სიტუაციების სისტემურ კვლევას, ჩატარებულს მკვლევარ– მასწავლებელთა მიერ  სასწავლო სიტუაციების გაუმჯობესებისა და საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის მიზნით.
            მკვლევარია მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია პედაგოგიური საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება, მისი გადაჭრის გზების ძიება და პოვნა, ახალი იდეების, ინოვაციების, სტრატეგიების, პედაგოგიურ პრაქტიკაში  დანერგვა.
            მაშასადამე, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო წამოჭრილი სიძნელეების დროს კი არ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცვლელად, საკუთარი ძალების გასაძლიერებლად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარ–ჩვევების განსავითარებლად.
            კვლევის სწავლის საუკეთესო საშუალება თავად კვლევის პროცესია.
            გამოყენებითი პედაგოგიკა ხასიათდება განუმეორებლობით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
            ყოველი კვლევის დროს ხდება სხვა მასალაზე, სხვა ინდივიდზე დაკვირვება და ამდენად, შედეგიც განსხვავებულია, ამდენად, არასოდეს შედგება წმინდა „განმეორებითი ექსპერიმენტი“.
პედაგოგიურიკვლევის ფაზები:
ა. საკვლევი თემის შერჩევა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება.
ბ. კვლევის პროცესის დოკუმენტირება–კვლევის დღიური წარმოება.
გ. არსებული ლიტერატურის შესწავლა და ანალიზი.
დ. სხვა კოლეგებისთვის კვლევის კვლევის გაცნობა.
ე. მონაცემთა შეგროვება.
ვ. მონაცემთა ანალიზი.
ზ. მოქმედების სტრატეგიის განვითარება და მისი  პრაქტიკაში დანერგვა. მთავარია, რაღაცის გაუმჯობესება და კვლევის პროცესის ახალ ფაზასი გადასვლა.
თ. მოპოვებული ცოდნა – გამოცდილების პრეზენტაცია – ეს იქნება კვლევის ანგარიში მისი კატედრის სხდომაზე ან სემინარზე განხილვით, კონფერენციაზე წარდგენით და სხვა.
            კვლევის დროს მნიშვნელოვანია კვლევის დღიურის წარმოება უნდა ითქვას, რომ ეს არის კვლევის პროცესის მეგზური.  დღიურში  მკვლევარ–მასწავლებელს არნუსხული აქვს კვლევის პროცესის ყველა ფაზა, დაკვირვების შედეგები, საკუთარი იდეები, გეგმები, ინტერვიუები, მონაცემთა ანალიზის შედეგები.
            მეთოდური ჩანიშვნები ახდენს მკვლევარის თვითდაკვირვების დოკუმენტირებას.
            მონაცემთა შეგროვება კვლევის პროცესის ერთ–ერთი საკვანძო და საპასუხისმგებლო ფაზაა. მის სწორად და კვალიფიციურად წარმართვაზე ბევრადაა დამოკიდებული კვლევის საბოლოო შედეგები. აქ დიდ როლს კვლევის მეთოდის სწორად შერჩევა ასრულებს.
            კვლევის პროცესში გამოყენებულ გზებს, რომელსაც ობიექტური დასკვნებისაკენ მივყავართ, კვლევის მეთოდები ეწოდება.
            მონაცემთა ანალიზი კვლევის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ამასთანავე ყველაზე რთული პროცესია. თუ კვლევის სერიოზულ, ღრმა ანალიზზე ვსაუბრობთ, მას მარტო მასწავლებელი ვერ გაართმევს თავს. ანალიზში ჩართულნი უნდა იყვნენ  სულ მცირე სოციოლოგი და ფსიქოლოგი; მაგრამ საკუთარი პედაგოგიური  კვლევების ანალიზი მასწავლებელს შეუძლია, დამოუკიდებლადაც წარმართოს.
            კვლევის ანალიზის შედეგები მკვლევარ – მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, გადავიდეს კვლევის პროცესის შემდგომ  ეტაპზე– რაც გულისხმობს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ახალი სტრატეგიების შემუშავებას და დანერგვას არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად.
            კვლევის პროცესის ბოლო ეტაპი კვლევის საბოლოო გაფორმება და პრეზენტაციაა.
            მკვლევარი – მასწავლებელი საკმაოდ რთული ამოცანების წინაშე დგას– კვლევის დაგეგმვა და განხორციელება, მონაცემების დამუშავება და ანალიზი შესაბამის ცოდნას, გამოცდილებას და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ყველაფერ ამას კი წინ უსწრებს ერთი  უმნიშვნელოვანესი არჩევანი: კვლევის რა მეთოდის გამოყენებაა საჭირო დასმული პრობლემის გადასაჭრელად?
            ეს მეთოდებია: ა)  დაკვირვება  (იკითხება ამოცანები, გამოიყოფა დაკვირვების ობიექტი; კეთდება დაკვირვების სქემები; შედეგები  აუცილებლად ფიქსირდება; მიღებული შედეგები მუშავდება).
            ბ) დიალოგები , სწორედ საუბრებში, დიალოგებში, დისკუსიებში ვლინდება ადამიანთა დამოკიდებულებები.
            გ) ინტერვიურება,  ინტერვიუსთვის მკვლევარმა – მასწავლებელმა წინასწარ უნდა ჩამოაყალიბოს კითხვები, ინტერვიუს სჭირდება მომზადება, რესპოდენტის სიმპათიის  მოპოვება,  გარკვეული კითხვების დასმა, მოთმინება მოსმენისას, საკუთარი პოზიციის გამოხატვის დაუშვებლობა.
            დ) ფოკუს–ჯგუფი.  ჯგუფური ინტერვიუს სახეობაა. (8–10 მონაწილე) ამ დროს სამდენიმე რესპოდენტს ვესაუბრებით, ხელი უნდა შევუწყოთ აზრთა გაცვლას. ამ დროს შეიძლება ყველაზე გულახდილი, გამბედავი მოსაუბრე აღმოვაჩინოთ.  ჯგუფის წამყვანმა უნდა გააქტიუროს სხვა წევრები, შექმნას ღია ატმოსფერო.
            ე) შემთხვევის ანალიზი  (შესწავლა). მისი მიზანია ცალკეული ფენომენის შესწავლა რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებში სხვადასხვა წყაროების გამოყენებით.
            ვ) კოლექტიურ მოვლენათა შესწავლა . ეს შეიძლება იყოს როგორც ზეოირი ინტერვიუ, ასევე წერილობითი გამოკითხვა, ანუ ანკეტირება. დასმულია კითხვები თავისი შემადგენელი ელემენტებით და იწერება ძალიან მოკლე პასუხები.
            ანკეტირების ვარგისიანობა დამოკიდებულია კითხვების ხარისხზე.
            კვლევის ანგარიში ოთხ ძირითად სექციაში ერთიანდება. ესენია: შესავალი, მეთოდები, შედეგები, დასკვნები.
            მთავარ ყურადღებას კვლავ კვლევის მეთოდზე გადავიტან
ა) უნდა შევარჩიოთ სამიზნე ჯგუფი ან ადამიანი, უნდა მოხდეს მათი კვლევაში ჩართვა.
ბ) მონაცემების შეგროვების აღწერა, რომლის მიზანია, შეფასდეს, თუ რამდენად სანდოა მოპოვებული მონაცემები.
გ) კვლევის პროცესში არსებული პრობლემებისა და მათი გადალახვის გზების ძიება.
დ) საკვლევი გარემოს აღწერა.
            დასკვნაში მკვლევარი გაიმეორებს და შეაჯამებს ძირითად დასკვნებს, ამასთან, მიღებულ შედეგებს უკვე არსებული კვლევების ფონზე გააშუქებს.
            მასწავლებელმა კვლევა ბევრ საინტერესო მოვლენასა და პიროვნებაზე უნდა ჩაატაროს, მაგალითად:
1)      რამდენად აქვს მოსწავლეს განვიტარებული დამოუკიდებლად მუშაობის უნარი (დაგეგმვა სწავლის პროცესის, დროის გადანაწილება და სხვა). გამომადგება ინტერვიუები მშობლებთან, ბავშვებთან.
2)      რატომ ხდება, რომ ბავშვები მიმდინარე შეფასებას ვერ ღებულობენ ისეთ  ქულას, როგორსაც შემაჯამებელში. აქ შეიძლება გამოიკვეთოს ის, რომ შედგენილი ტესტები არ იყო ვალიდური.
3)      კლასში მოსწავლეების სწავლის სტილის დადგენა. ეს დაგვეხმარება, რომ ჩვენი სწავლების სტილი მოვარგოთ მოსწავლეების სწავლის სტილს. შეიძლება გამოვიყენოთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია.
4)      სწავლის მოტივაციის ამაღლებისთვის – არა ზარმაცთან კარგის ქება (რომ არ გაუჩნდეს მის მიმართ აგრესია), არამედ ზარმაცში იმ შესაძლებლობების დანახვა, მათი რეალიზება, იმედის გამოთქმა, ქება თვით ელემენტარულ წარმატებაზეც კი.
5)      როდის უფრო ხდება ბავშვების განვითარება. კვლევის შედეგმა უნდა მიგვიყანოს დასკვნამდე, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც სხვადასხვა შესაძლებლობების ბავშვები ერთად სწავლობენ.
6)      წაკითხულის გაგებისა და გააზრების უნარის განსაზღვრა. ეს შედარებით მარტივი ქართულის მასწავლებლებისთვისაა.
მინდა მოგახსენოთ, რომ მე, როგორც პროფესიულ სქემაში ჩართული მასწავლებელი, ვიწყებ კვლევას ერთ–ერთ მოსწავლეზე. ჩემი დაინტერესება ამ ბავშვით გამოიწვია მისმა ქცევის პრობლემებმა. ის არის ფიზიკურად და გონებრივად განვითარებული ბავშვი, ნიჭიერი, გულთბილი, მეგობრული, მე მისი ბევრი კარგი თვისების შესახებ გავიგე და მინდა, დავაკვირდე, რა იწვევს იმას, რომ ეს ბავშვი, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, ვერ ისვენებს გაკვეთილზე, არ ისმენს, არც სხვას ასმენინებს, ხშირად ვერ იგებს, რა აქვს დასაწერი საშიანაო დავალებად.
            ჩემი კვლევის მიზანია, დავადგინო, ამ ბავშვის ქცევის მიზეზი, იქნებ გენეტიკამდეც მივიდე, აქ ერთმა მასწავლებელმა თქვა – მამაც  მასეთი ჰყავდაო, მინდა, დავეხმარო, მოვუხსნა ქცევის პრობლემა, რომ გარდატეხის ასაკში შესვლისას ეს ქცევა ჩვევად არ ექცეს, არც კლასელებზე მოახდინოს უარყოფითი გავლენა და ასეთი ნიჭიერი და კეთილი ბავშვი მართლაც კარგ ადამიანად ჩამოყალიბდეს.
            ყველა საშუალებას ვიხმარ, რომ კვლევამ სწორ კვალზე დამაყენოს და მე ჩემი მისია შევასრულო. 









ტრენინგის ანგარიში
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
  ეროვნული ცენტრი
ადგილი და ხანგრძლივობა: ქალაქი წნორი #1 საჯარო სკოლა. 10 სთ. ხანგრძლივობით.
                    ჩატარების დრო:  25-26 მაისი, 2013 წელი.
                                      მიზანი: მასწავლებლის პროფესიული განვითარება.  პროფესიული
საქმიანობის შეფასება (თვითშეფასება). კოლეგების
თანამშრომლობა პროფესიული განვითარების და
შეფასების პროცესში.

ამოცანები:        ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე საუბარი.
·         ეროვნული სასწ. გეგმის (2011-2016) ამოცანის გაანალიზება, მისი ფუნდამენტური პრინციპის გამოკვეთა.
·         პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების გაცნობა.
·         წარმატებული სკოლის სტანდარტებისა და ინდიკატორების გააზრება.
·         პროფესიული საქმიანობის შეფასების ფორმირების და კრიტერიუმების გაცნობა, შეფასების მეთოდები. თვითშეფასების ფორმები.
·         მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
·         კოლეგებთან თანამშრომლობისა და ურთიერთშეფასების პოზიტიურ მხარეზე საუბარი.
·         თანამშრომლობისა და კომუნიკაციის 4 ტიპის სასკოლო კულტურის გაცნობა.
·         დაკვირვება, ურთიერთდაკვირვება და თვითდაკვირვება.
·         განათლების სისტემის გაცხადებულ და რეალურ ღირებულებებზე საუბარი.
ღონისძიების დღის წესრიგი
I დღე – 5სთ.  I სესია.  / მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასება/.
                                        / სქემაში ჩართული მასწავლებლის სამოქმედო გეგმა/.
II დღე – 5 სთ. II სესია. / როგორ წარვმართოთ პროფესიული განვითარება სკოლის ბაზაზე/
                                          / პედაგოგის ინდივიდუალური განვითარების გეგმა/.
               როგორც პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებელი, დავესწარი ტრენინგს 2013 წლის 25–26 მაისს 10 საათის ხანგრძლივობით. ქალაქ წნორში.
               ტრენინგის მოდული: მასწავლებლის პროფესიული განვითარება. პროფესიული საქმიანობის შეფასება (თვითშეფასება). კოლეგების თანამშრომლობა პროფესიული განვითარების და შეფასების პროცესში.
               მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ ამ საკითხებზე მსჯელობით არ ამოიწურა ჩვენი მუშაობა. დასაბუთებული პასუხი მივიღეთ თითქმის ყველა კითხვაზეც, რაც იქ მყოფ მასწავლებლებს გაგვიჩნდა და საჭიროების შემთხვევაში კონტაქტი გვქონდა კოორდინატორ კახა ჟღენტთან.
               მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული გამოცდილება შევიძინე თელავის ტრენინგიდან, ჩემი პრაქტიკული საქმიანობიდან, მუშაობა ამ ღონისძიებებისას ნაყოფიერი გამოდგა ჩემთვის, მომეცა სტიმული, ამიმაღლდა მოტივაცია, გავერკვიე ისეთ საკითხებშიც, რაც ბუნდოვანი იყო ჩემთვის, განსაკუთრებით ის იყო კარგი, რომ კოლეგებთან თანამშრომლობა თეორიული გაგებიდან პრაქტიკულ საქმიანობაში გადაიზარდა.
               გავიხსენეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ჩვენი მუშაობის ფუნდამენტი და ორიენტირი; ეროვნულ სასწ. გეგმაზე საუბრისას გავეცანით დიმიტრი უზნაძის  სიტყვებს: „სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არა აქვს, რომელსაც იგი კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის მქონე ცოდნის სახით გვაძლევს, არამედ განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას“.
               ძალიან მაინტერესებდა და მივიღე კიდეც ინფორმაცია ეროვნული სასწ. გეგმის გამჭოლ პრიორიტეტულ კომპეტენციაზე, რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის. გამჭოლი კომპეტენციების დასაუფლებლად აუცილებელია სასწ. პროცესში საგანთშორისი კავშირების დამყარება.
               დაწვრილებით აგვიხსნეს და მოგვცეს მასალა გამჭოლ პრიორიტეტულ კომპეტენციებზე. ისინი სულ ცხრაა:
ა) წიგნიერება;  ბ) მედიაწიგნიერება;   გ) ციფრული წიგნიერება;  დ) რაოდენობრივი წიგნიერება;  ე) ეკოლოგიური წიგნიერება;  ვ) მრავალენობრივი კომპეტენცია; ზ) სემიოტიკური კომპეტენცია;  თ) სწავლის სწავლა;  ი) სოციალუირი და სამოქალაქო კომპეტენცია.
               ვისაუბრეთ წარმატებული სკოლის მახასიათებლებზე, მის სტანდარტებსა და ინდიკატორებზე, გამოიკვეთა სკოლის წარმატების ფაქტორები.
               როცა ტრენინგი პროფესიული საქმიანობის შეფასებას შეეხო, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შეფასების პროცედურაზე დიდადაა დამოკიდებული წარმატებულად თუ წარუმატებლად წარიმართა მუშაობა.
               ერთმანეთისაგან გავარჩიეთ შეფასების ფორმები: ფორმალური და არაფორმალური. გავრცელებული მოსაზრების  თანახმად მასწავლებელთა მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებასა და სკოლის წარმატებასთან უფრო მეტად სწორედ არაფორმალური შეფასებაა დაკავშირებული. თუმცა არ იქნება სწორი, თუ ვიფიქრებთ, რომ შეფასების ეს ორი ფორმა ურთიერთგამომრიცხავია. ორივეს გარკვეული დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს და არასწორად გამოყენების შემთხვევაში ორივე ერთნაირად საზიანო და სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს.
               ამ შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭება შეფასების კრიტერიუმების სწორად შერჩევას, მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, თანამშრომლობა და შეფასების პრიორიტეტულობისადმი ერგულება.
               შეფასების მეთოდებიდან გავეცანით: რანგირებას, კითხვარებს, რანგირებულ სკალას, შეფასების რუბრიკას.
               საინტერესო იყო ინციდენტების დღიურზე, დაკვირვებაზე მოწოდებული მასალა, კარგად გავაანალიზეთ ინტერვიუს მეთოდი.
               ტრენერის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ წინა პლანზე წამოიწია თვითშეფასების საკითხმა და დავასკვენით, რომ შედეგი დადებითია, თუ ერთმანეთს ემთხვევა თვითშეფასება, სკოლის შიდა შეფასება და გარე შეფასება.
               როცა პროფესიულ განვითარებაზე  ვსაუბრობდით, ითქვა, რომ თავდაპირველად პროფესიული განვითარება აღიქმებოდა როგორც მასწავლებლის სერთიფიკატით ან დიპლომით დადასტურებული მონაწილეობა გარკვეულ ღონისძიებებში, რომლებსაც უმეტესად სკოლის გარეთ სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაცია ატარებდა. მაგრამ კვლევები ადასტურებს, პროფესიულ განვითარებაში ამასთან შედარებით  მნიშვნელოვან როლს ასრულებს სკოლაში განხორციელებული ღონისძიებები, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა.
               სკოლის ბაზაზე არსებობს პროფესიული განვითარების ფორმები: ტრენინგი, გაკვეთილზე დასწრება, მენტორობა, ურთიერთდაკვირვება, პრაქტიკის კვლევა, სასწავლო ჯგუფები, სამუშაო შეხვედრები.
               ტრენინგმა მასწავლა, რომ ნიუმანისა და ველაჯის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხატყო, რომ ცალკეული მასწავლებლების პროფესიონალიზმი მნიშვნელოვანია, თუმცა უფრო დიდი ეფექტი მოსწავლეების მიღწევებზე აქვს მასწავლებლების თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხარისხს. თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხარისხს. თანამშრომლობისა და კომუნიკაციის თვალსაზრისით ავტორები  4 ტიპის სასკოლო კულტურას განასხვავებენ: ინდივიდუალისტურს, ბალკანიზებულს,  ხელოვნურ კოლეგიალობას, თანამშრომლობას.
               როგორც ვიცით, მასწავლებელთა თანამშრომლობის მთავარი მიზანი არის მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესება. შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ამ მიზანს უკავშირდება, შეიძლება გახდეს თანამშრომლობის საგანი. მაგალითად, საგნობრივი სასწ. გეგმების შემუშავება, სწავლების, კლასის მართვისა და შეფასების ეფექტიანი სტრატეგიების გაზიარება, გაკვეთილების დაგეგმვა, მოსწავლეების მიღწევების შესახებ მონაცემების ანალიზი, ტესტებისა და შეფასების სხვა ფორმების შემუშავება, კვლევის ჩატარება, კლასგარეშე აქტივობების დაგეგმვა და სხვა.
               ურთიერთთანამშრომლობის ერთ–ერთი ყველაზე უფრო ეფექტური სტრატეგია „კრიტიკული მეგობრების“ ინსტიტუტის დანერგვაა, რომელიც ითვალისწინებს სასწ. პროცესში მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვებას, მასწავლებელმა ამავდროულად უნდა შეიმუშაოს თვითდაკვირვების სქემა, რომელსაც დაეყრდნობა მის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასებისას.
               მასწავლებელთა კოლეგიალობა სკოლის წარმატებული საქმიანობის წინაპირობა სკოლის პრესტიჟისა და სიძლიერის საფუძველია.
               ტრენინგზე გავეცანით სხვადასხვა მოდელს, კერძოდ, პიროვნული მახასიათებლების მოდელს, პროცესზე ორიენტირებულს მოვალეობაზე ორიენტირებულ მოდელს, ანგარიშვალდებულების მოდელს, მიზნებზე ორიენტირებულ მოდელს, პროფესიული განვითარების მოდელს, ჰიბრიდულ მოდელს. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ზემოთ განხილულ მოდელთა კომბინაციას.

               ტრენინგზე მიღებული გამოცდილება ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩემში არსებული ცოდნა და გამოცდილება განმტკიცდა, გამდიდრდა. იყო საკითხები, რაც სიახლე იყო, ან არასწორად ვიცოდი. ჩატარებული საუბრები ჩვენი საქმიანობის რამდენიმე სფეროს ეხებოდა. აქ შეძენილ ცოდნასა და ახალ უნარებს ფართოდ გამოვიყენებ პედაგოგიურ პრაქტიკაში, თუნდაც 9 გამჭოლ კომპეტენციას, თანამშრომლობის ფორმებსა და მეთოდებს, კოლეგებსაც გავუზიარებ, მოვუსმენ და გავითვალისწინებ მათ მოსაზრებებს. 



სიღნაღი 2015 წელი

ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

ტრენინგის დასახელება: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესსში

Комментариев нет:

Отправить комментарий